2023 წლის 17 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ლევან გვენეტაძე და სხვა წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიას, სოფლების რწმუნებულებსა და მოსახლეობას შეხვდნენ.
სამსახურის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები გააცნეს. ასევე, წარადგინეს იურიდიული დახმარების სამსახურის მობილური საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც გერმანიის მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, პროექტის "კანონის უზენაესობისა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ყველასთვის" ფარგლებში შეიქმნა.
"მობილური საკონსულტაციო ცენტრი" - ეს არის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი სპეციალური მიკროავტობუსი, სადაც შესაძლებელია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა და საჭირო შემთხვევაში სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება.
მობილური საკონსულტაციო ცენტრით აქტიურად ისარგებლა გარდაბნის მოსახლეობამ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო გარდაბნის შეხვედრაზე ეთნიკურ უმცირესობასთან შეხვედრა, რომელთაც მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ მათ შეუძლიათ კონსულტააციისას ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით სამსახურისგან.
რუსთავის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა მობილური საკონსულტაციო ცენტრის დახმარებით, ყველა საჭირო პირობის დაცვით, ინდინივიდუალური კონსულტაციები გაუწია დაინტერესებულ პირებს.