2023 წლის 26 და 27 ოქტომბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილემ მიხეილ ხურციძემ ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სპეციალიზებული იურისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის მეოთხე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებამ შეკრიბა 40-ზე მეტი მონაწილე 23 ქვეყნიდან, რომლებიც ევროპის საბჭოს ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები არიან.
პირველი შეხვედრა გაიხსნა შრომითი ექსპლუატაციის მიზნით ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სესიით, მათ შორის მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის CM/Rec(2022)21 განხილვითა და რამდენიმე ქვეყნის პრეცედენტული სამართლის პრეზენტაციით. მონაწილეებმა ასევე მოისმინეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში განვითარებული მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის სირთულეებთან.
მეორე დღე დაიწყო ადამიანებით ტრეფიკინგისა და საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ სესიით, მათ შორის GRETA-ს ანგარიშის პრეზენტაციით ტრეფიკინგზე და იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ტექნოლოგიების გამოყენება ტრეფიკინგის თავიდან ასაცილებლად და მსხვერპლთა დასახმარებლად.
შეხვედრაზე დირექტორის მოადგილე მიხეილ ხურციძე გამოვიდა თემით „მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაძლიერება: იურიდიული დახმარების სერვისების ტრანსფორმირება ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით“. პრეზენტაცია შეეხებოდა სიახლეებს სამსახურის სისტემის „ქეის ბანკის“ განახლებაზე, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებაზე სამსახურის საქმისწარმოებისას, სამსახურის პორტალის განახლებას, მობილური აპლიკაციის აქტიურად გამოყენებასა და მობილური საკონსულტაციო ცენტრის პროექტის დაწყებას ქვეყნის მასშტაბით. დირექტორის მოადგილემ აღნიშნა, რომ ინოვაციების დანერგვა და ღიაობა ტექნოლოგიური პროგრესისადმი პირველ რიგში, აძლიერებს სწრაფ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას და ზრდის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. პრეზენტაცია დადებითად იქნა შეფასებული მონაწილეთა მიერ და წარმატებული პრაქტიკის ნიმუშად დასახელდა.