2023 წლის 26 სექტემბერს, გაეროს სახლში, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით გაიმართა უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრთა შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო ახალი დებულების დამტკიცება და ქსელში ახალი ორგანიზაციების გაწევრება. ქსელის ახალ წევრებად დარეგისტრირდა ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია და ხუთი საუნივერსიტეტო სამართლის კლინიკა.
იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი საქართველოში მოქმედ უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელ ორგანიზაციათა გაერთიანებაა, რომლის შემადგენლობაში შედის როგორც შესაბამისი უწყებები და საბიუჯეტო ორგანიზაციები, ისე არასამთავრობო სექტორისა და საუნივერსიტეტო კლინიკების წარმომადგენლები.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს ქსელის მუშაობის გაუმჯობესების, ბენეფიციართა გადამისამართების ეფექტური მექანიზმის, ასევე, ისეთი ონლაინ-პლატფორმის შექმნის შესახებ, სადაც შესაძლებელი იქნება გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ქსელის წევრთა მუშაობის კოორდინაცია.
რეფერალური ქსელის თავმჯდომარე უწყება, უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, არის იურიდიული დახმარების სამსახური, რომელიც წარმოდგენილია მისი დირექტორის დავით სიმონიას სახით. შეკრებაზე ქსელის თავმჯდომარის მოადგილედ ერთხმად აირჩიეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის კლინიკა და მისი ხელმძღვანელი ანა ხარაიშვილი.
აღსანიშნავია, რომ უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელი 2017 წელს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP ხელშეწყობით შეიქმნა. მასში დამფუძნებელი 10 ორგანიზაცია იყო გაწევრებული. ამჯერად მათი რიცხვი 21-მდე გაიზარდა.