2023 წლის 1 აპრილს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ოთხწლიანი ანგარიშის წარდგენა და წარმატებული ადვოკატების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია, რომელმაც სამსახურის სამომავლო სტრატეგიის შესახებ ვრცლად ისაუბრა. სამსახურში განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა, იურიდიული დახმარების სამსახურის ყოფილმა დირექტორმა და რეფორმების ავტორმა, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა. დამსწრე საზოგადოებას მიმართეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა, დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისი USAID Caucasus -ის სამართლის უზენაესობის პროექტის მენეჯერმა რუსუდან ტაბატაძემ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) უფროსმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში იოჰან ფრანცმა, ევროპის საბჭოს პროგრამის ოფიცერმა ბაქარ ჯიქიამ, იურიდიული დახმარების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ თეა ჭეიშვილმა.
აღინიშნა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს მოსახლეობის ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე, გაიხსნა იურიდიული დახმარების ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები, ჩატარდა მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი არაერთი კამპანია და რაც მთავარია, შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გაწეული სამართლებრივი დახმარების შეფასების სისტემა, რაც წლების განმავლობაში გამოწვევად რჩებოდა მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში მოქმედი ანალოგიური სისტემისათვის. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ამ გამოწვევას კვალიფიციურად უპასუხა.
კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრები, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები, რომლებსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვით იურიდიული დახმარების სამსახურის რეფორმების მხარდაჭერაში.
კონფერენციის ბოლოს დაჯილდოვდნენ წარმატებული ადვოკატები, ხოლო დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს გადაეცათ სპეციალური მადლობის სიგელები.