USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამა აგრძელებს საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის (LAS) მხარდაჭერას საინფორმაციო კამპანიაში - "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმისაწვდომი": ინიციატივა "პარალეგალები" და კარიერული საუბრები აჭარის რეგიონის სტუდენტებისთვის.
2023 წლის 10-13 თებერვალს, ოცდაორმა სტუდენტმა-პარალეგალმა გაიარა ტრენინგი ეფექტური და თავდაჯერებული კომუნიკაციის, საჯარო გამოსვლის, არავერბალური კომუნიკაციისა და ეფექტური პრეზენტაციის საკითხებში. ექსპერტი/ტრენერი ვლადიმერ მკერვალიშვილი დაეხმარა სტუდენტებს, გაეუმჯობესებინათ თვითპრეზენტაციის უნარები და ეფექტურად წარმოედგინათ ადამიანის უფლებების საკითხები საზოგადოების წინაშე, საინფორმაციო შეხვედრების დროს აჭარის მაღალმთიანეთში.
სტუდენტ-პარალეგალებს ასევე მიეცათ შესაძლებლობა, კიდევ უფრო მეტი გაეგოთ ადამიანის ძირითადი უფლებების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძისგან. მის მიერ განხილული თემატიკა მოიცავდა საქართველოში ადამიანის უფლებათა ისტორიასა და კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა კლასიფიკაციასა და ამ უფლებების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს, სიცოცხლის უფლებას, წამებისა და დისკრიმინაციის აკრძალვას, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებას.
ამასთან ერთად, სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ და LAS-ის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, მონაწილეებთან გამართეს კარიერული საუბრები ადვოკატისა და უფლებადამცველის პროფესიის შესახებ ცოდნის გაღრმავების მიზნით; ისაუბრეს ამ პროფესიის წარმომადგენლთა საქმიანობის პრაქტიკული გამოწვევების შესახებ.
ტრენინგის დასასრულს სტუდენტებს გადაეცათ ინიციატივაში მონაწილეობის სერთიფიკატები.
მეორე სტუდენტურ-პარალეგალთა ჯგუფის საინფორმაციო პროექტი მიმდინარეობდა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის თებერვლამდე. ღია კონკურსის წესით, შეირჩა 18 საუკეთესო სტუდენტი აჭარის უნივერსიტეტების 40 აპლიკანტს შორის.
პროგრამაში შევიდა მოდულები ქალთა უფლებების პრაქტიკასა და თეორიაზე, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე, ტრეფიკინგზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, ადამიანის ძირითად უფლებებზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და თვითპრეზენტაციაზე, ასევე, ბავშვის უფლებებთან დაკავშირებულ იმიტირებულ სასამართლო პროცესზე. ამავე ინიციატივის ფარგლებში, სტუდენტები და იურიდიული დახმარების სამსახურის LAS-ის წარმომადგენლები 2023 წლის მარტში მოაწყობენ სამ მობილურ ვიზიტს მაღალმთიან აჭარაში.