Top
ონლაინ დახმარება

 

ხელვაჩაურის "ქალთა ოთახში" მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან კამპანიას შეუერთდა  იურიდიული დახმარების სამსახურიც და 2021 წლის 9 დეკემბერს ბათუმის იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტ-კონსულტანტმა ნინო შარაშიძემ განახორციელა გასვლითი შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ე.წ. „ქალთა ოთახია“ ბენეფიციარებთან.  

შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ბენეფიციართა მაქსიმალურად ინფორმირება, როგორც ზოგადად ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებზე და საშუალებებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ მავნე პრაქტიკებს, რაც ოდითგანვე დანერგილი იყო ქალთა უფლებების შეზღუდვის ფონზე. როგორებიცაა, დისკრიმინაცია სქესის ნიშნით, ნაადრევი ქორწინება, იძულებით ქორწინება, საკუთრების უფლების შეზღუდვა ქალებისათვის, საოჯახო სამართლებრივი პრობლემები, ოჯახში ძალადობა და სხვა. ბენეფიციარებს განემარტათ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები, მათი დაცვის და მოძალადისაგან განრიდების საშუალებები და მექანიზმები, შემაკავებელი და დამცავი ორდერის მნიშვნელობა, ვადები, გამომცემი ორგანოები, თავშესაფრებისა და კრიზისული ცენტრების როლი და ფუნქციები, ძალადობის აღკვეთის სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციულ–სამართლებრივი მექანიზმები და  სხვა.   

ბენეფიციარებს  ასევე მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის როლის შესახებ ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მიზნით, კერძოდ, რომ იურიდიული დახმარების სამსახური უწევს ბენეფიციარებს, როგორც სამართლებრივ კონსულტაციას, ასევე იურიდიულ დახმარებას, რაც მოიაზრებს, როგორც სამართლებრივი დოკუმენტების შედგენას, ასევე მსხვერპლთა ინტერესების დაცვას სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა.

შეხვედრაზე  გაიმართა დისკუსია წარმოდგენილ თემასთან დაკავშირებით და ყველა შეჯერდა იმ აზრზე, რომ თითოეულმა მოქალაქემ თავისი თუნდაც მცირე წვლილი უნდა შეიტანოს გენდერული ძალადობის აღსაკვეთად. 

იურისტ-კონსულტანტმა გასწია ინდივიდუალური სამართლებრივი კონსულტაციებიც.