16 ივლისს, ხაშურში (მ.კოსტავას ქ.#11) იურიდიული დახმარების სამსახურის 30-ე საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. უფასო სამართლებრივი დახმარება ხაშურის მოსახლეობისათვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. აქ იურიდიული კონსულტაციის მიღება შეუძლია ნებისმიერ პირს.
საკონსულტაციო ცენტრში იმუშავებს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს გასცემს სხვადასხვა საკითხზე. მათ შორის: სოციალურად დაუცველთა უფლებები, საბანკო ურთიერთობები, მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და სხვა აქტუალური პრობლემები.
ცენტრის გახსნის შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ადგილობრივებს გააცნო იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების კრიტერიუმები. მან აღნიშნა, რომ მთავარია, მოსახლეობისთვის სრულიად იქნას უზრუნველყოფილი ტერიტორიული ხელმისაწვდომობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე. თუ აქამდე ხაშურის მოსახლეობა უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად გორის იურიდიული დახმარების ბიუროში უნდა ჩასულიყო, ამჯერად შეუძლიათ ხაშურის ოფისს მიაკითხონ. მანვე წარადგინა ხაშურის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი მანანა გელაშვილი.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალშიც განხორციელდება შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტუალურ სამართლებრივ საკითხებზე და ამ შეხვედრების მიზანი მოსახლეობის სამართლებრივივი ცნობიერების ამაღლებაა.