Top
ონლაინ დახმარება

 

ცაგერში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

29 ივნისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ინიციატივით, ცაგერის რაიონულ სასამართლოში ჩატარდა იმიტირებული სასამართლო პროცესი. სისხლის სამართლის საქმეს განიხილავდა 12 ნაფიცი მსაჯული, რომლებიც ცაგერის მოსახლეობისაგან შეირჩა. იმიტირებულ სასამართლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეები, ასევე, ბრალდებული, დაზარალებული და მოწმეები - იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისაგან შედგებოდა. ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც ნაფიცი მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას  ნაფიც მსაჯულთა რეალურ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად. 

იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, რაჟდენ კუპრაშვილი: „მოძრაობა“ვაქციოთ კანონი ყველსათვის ხელმისაწვდომი“ სხვადასხვა პროექტს სთავაზობს მოსახლეობას. დღეს პირველად ჩავატარეთ ერთ-ერთი აქტივობა - იმიტირებული სანაფიცმსაჯულო სასამართლო პროცესი, სადაც რეგიონის მოსახლეობა უშუალოდ მონაწილეობს. მოხარული ვართ, რომ ცაგერელები დიდი ინტერესით და ენთუზიამით ჩაერთნენ დღევანდელ იმიტირებულ სასამართლო პროცესში. ვფიქრობთ, მიზანი მიღწეულია, რადგან სამართლებრივი საკითხები, რომელიც დღევანდელ პროცესზე იყო წარმოდგენილი, ბევრად უფრო მკაფიო, გასაგები და ადვილად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მათთვის“.

მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ USAID-PROLoG–ისა და COE-ს მხარდაჭერით ხორციელდება. აქტივობები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაგრძელდება.