15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგი გამართა Kvira.ge-ში. მან სატელეფონო ცხელი ხაზის ახალი ნომრის 1485-ის ამოქმედებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, გლობალური პანდემიის პირობებში სატელეფონო და ონალინკონსულტაციების გაწევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა.
„ამიერიდან მოქალაქეებს შეუძლიათ, ნებისმიერი ტელეფონიდან პირდაპირ აკრიფონ ოთხი ციფრი – 1485 და უფასოდ მიიღონ კვალიფიციური იურისტის კონსულტაცია ნებისმიერ საკითხზე.გარდა ამისა, ასევე, მოქმედია იურიდიული დახმარების სამსახურის ქოლცენტრის წინა ცხელი ხაზიც – 292 00 55, სადაც მობილურიდან დარეკვის შემთხვევაში აუცილებელი იყო საქალაქო კოდის – 032 -ის აკრეფა, რაც საზოგადოების მცირე ნაწილში დაბნეულობას იწვევდა.
ამიტომაც, უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით გაიოლებულია კომუნიკაცია სამსახურის ქოლცენტრთან“, – განაცხადა კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, ქოლცენტრში მუშაობს ოთხი იურისტი, რომელიც პასუხობს ერთდროულად შემომავალ ზარებს და ვებგვერდსა და ფეისბუქგვერდზე შემოსულ კითხვებს.
„2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე ქოლცენტრის ოპერატორებმა 21 000-მდე მოქალაქეს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია.
ამავე პერიოდში, „იურიდიული დახმარების სამსახურს“ მთლიანად, ცამეტივე რეგიონულ ბიუროსა და 19 საკონსულტაციო ცენტრში სამართლებრივი რჩევებისათვის მომართა 40 000 -ზე მეტმა მოქალაქემ და მიიღო შესაბამისი დახმარება.
გლობალური პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაწევა. მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად დაცული იყოს უსაფრთხოება. ადამიანების მომართვიანობის გამო რთული ხდება იმ დისტანციის დაცვა, რომელიც რეკომენდებულია სპეციალისტების მიერ. ამიტომ, სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ონლაინრეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი სერვისები. ქოლცენტრი იურიდიული დახმარების სამსახურს საშუალებას აძლევს, უფრო ზედმიწევნით დაიცვას მისი საქმიანობის მთავარი პრინციპი და დროული და ეფექტიანი სამართლებრივი დახმარება გაუწიოს მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება – მოწყვლადი და სოციალურად დაუცველი ჯგუფების წარმომადგენლებს“, – განაცხდა კუპრაშვილმა.