1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდება ბავშვის უფლებათა კოდექსი. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩართულია იურიდიული დახმარების სამსახური. აღნიშნულთან დაკავშირებით, იურიდიული დახამრების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა ბრიფინგი გამართა მედიაჰოლდინგ "კვირა"-ს პრეს-კლუბში.
2020 წლის 1 სექტემბრამდე, საქართველოში მოქმედებდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომლის ფარგლებშიც მხოლოდ ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული და დაზარალებული არასრულწლოვნები სარგებლობდნენ უფასო იურიდიული დახმარებით.
რაც შეეხება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს, კანონი არ ითვალისწინებდა ბავშვთა უფასო იურიდიულ დახმარებას.
ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედების შემდეგ კი, უფასო იურიდიული დახმარება ხელმისაწვდომი იქნება ყველა არასრულწლოვნისთვის, მათ შორის გამოსაკითხი და დასაკითხი პირებისთვის ყველა კატეგორიის დანაშაულზე. ასევე არასრულწლოვნებს უფლება ექნებათ ისარგებლონ უფასო კონსულტაციითა და იურიდიული დახმარებით სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც სახელმწიფოს ხარჯზე.
http://kvira.ge/591510?fbclid=IwAR1pFlOSaZhVKQirtvm_ySgFv3659uHYMJENeOdgYGhgrNUB3Al9OTSHcmA