Top
ონლაინ დახმარება

 

დმანისში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

15 ივლისს, დმანისში, იურიდიული დახმარების სამსახურის მე-13 საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. დმანისის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები უფასო იურიდიულ მომსახურებას იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. 

2007 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას იურიდიულ კონსულტაციას რუსთავის იურიდიული დახმარების ბიურო უწევდა.უფასო სამართლებრივ დახმარებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, იურიდიული დახმარების სამსახურმა გადაწყვიტა დმანისშიც გახსნას საკონსულტაციო ცენტრი.

საკონსულტაციო ცენტრის იურისტი დმანისის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს გაუწევს უფასო იურიდიული კონსულტაციას ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, ხოლო სოციალურად დაუცველებისთვის კი, კანონის შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში.  

გახსნის დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული სოფლების რწმუნებულებს, საკრებულოს წევრებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს  წარუდგინა იურისტ-კონსულტანტი ლალი ალუდაური, რომელიც ასევე მარნეულის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტია და   და მისი მუშაობის გრაფიკიც გააცნო. 

რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი): „ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს იურიდიული დახმარების სამსახურის ტერიტორიულ ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის.  წელს უკვე რიგით მეოთხე საკონსულტაციო ცენტრი დმანისში ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კვალიფიციური იურისტისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრას მისთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები, როგორიცაა დახმარება მიწის რეგისტრაციაში, საბანკო სესხების, მემკვიდრეობის, სოციალური დახმარებების მიღებაში და ა.შ“. 

გიორგი ტატუაშვილი, დმანისის მერი: დმანისის მუნიციპალიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნაში. ჩვენ უსასყიდლოდ გადავეცით შენობა და დარწმუნებული ვარ, დმანისის მოსახლეობა ნამდვილად ისარგებლებს უფასო სამართლებრივი დახმარებით.