Top
ონლაინ დახმარება

 

მემორანდუმის საფუძველზე ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბენეფიციართათვის სერვისი გაუმჯობესდება

დღეს, 5 ნოემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურსა და   ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ  ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრი უსასყიდლოდ მიაწვდის იურიდიული დახმარების სამსახურს საჭიროს ცნობებსა და ინფორმაციას.

როგორც ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს უფასო სამართლებრივ დახმარებას არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის საკითხებზე. საადვოკატო მომსახურებას ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პირი არის გადაახდისუუნარო და მისი საკითხი განეკუთვნება რთულ და მნიშვნელოვან საქმეთა კატეგორიას. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განთავსებულ პირს უფლება აქვს ისარგებლოს დამცველის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ვალდებულია უზრუნველყოს პაციენტის დამცველთან შეხვედრა მესამე პირის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას; შეიტანოს საჩივარი და განცხადება სასამართლოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში და ა.შ.

აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში მხარეები იღებენ ვალდებულებას, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და ფსიქიკურ დაავადებათა შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით განახორციელონ ერთობლივი სოციალურ-სამართლებრივი პროექტები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.