იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით, დღეს, ქუთაისში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. "მრგვალ მაგიდაში" მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლებმა. მონაწილეთა შორის იყვნენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე თათია გოგოლაური, მთავარი პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი ნინო აღლემაშვილი, სამსახურის ადვოკატები და დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის თანამშრომლები. შეხვედრას იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის მოადგილე ირაკლი შონია უძღვებოდა.
ეხვედრაზე განიხილეს დანაშაულის პროვოცირების აკრძალვის ქართული საკანონმდებლო რეგულაციები და პრაქტიკა. მონაწილეები ასევე გაეცნენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებსა და კონკრეტულ საქმეებს.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს ის რეკომენდაციები და წინადადებები, რაც მხარეებს დანაშაულის პროვოცირების აკრძალვისა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განხილვის პროცესში დაეხმარება და ეფექტურს გახდის მათ პრაქტიკულ საქმიანობას.
სამუშაო შეხვედრა იურიდიული დახმარების სამსახურისთვის USAID/PROLoG-ის მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში ჩატარდა.