Top
ონლაინ დახმარება

 

უშგულის მოსახლეობა სამსახურის სერვისებს გაეცნო

6 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის  სოფელ უშგულის მოსახლეობა იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებს გაეცნო. იურიდიული დახმარების სამსახურის მესტიის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტმა ავთანდილ ჯაფარიძემ, სამეგრელოს-ზუგდიდის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა რომან კეიდიამ და კონსულტანტმა ნინო მინჯიამ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრაზე ისაუბრეს  უფასო სამართლებრივი დახმარების მიღების პირობებზე, მიწის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ნარკოტიკული დანაშაულის, მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონის, თვითმმართველობის კოდექსის, მემკვიდრეობის, სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის საკითხებზე.

იურისტებმა ადგილობრივებს ვრცლად გააცნეს საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ და ამ კუთხით იურიდიული დახმარების სამსახურის  მომსახურების კრიტერიუმები.

ადგილობრივ მოსახლეობას მცირე მეწარმეობის კუთხით არსებულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებითაც გაეწიათ კონსულტაცია. ასევე ვრცელი საუბარი შედგა  უშგულის განვითარების კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არსებულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებულ პროცედურებზე. 

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.