16 ივლისს, აჭარაში, დაბა შუახევში იურიდიული დახამრების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა. ამიერიდან, დაბისა და მუნიციპალიტეტში შემავალი 67 სოფლის, ასევე, მაღალმთიანი აჭარის სხვა მცხოვრებლებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
აკონსულტაციო ცენტრში იმუშავეს ერთი იურისტ-კონსულტანტი და ის სამართლებრივ რჩევებს ნებისმიერი პირისთვის ნებისმიერ საკითხზე გასცემს. მათ შორის: მიწის და უძრავი ქონების რეგისტრაცია, მემკვიდრეობა, ბანკებთან ურთიერთობა, შრომითი დავები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მხარდამჭერად დანიშვნის საკითხები და აქტუალური პრობლემები.
გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა წარუდგინა შუახევის საკონსულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტი ირაკლი ხიმშიაშვილი, რომელიც თანამდებობაზე წინასწარ ჩატარებული კონკურსის შედეგად შეირჩა.
რაჟდენ კუპრაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი: „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები.
შუახევის საკონსულტაციო ცენტრის კონსულტანტი არის პროფესიონალი ჩვენს სფეროში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კვალიფიციური ადვოკატი შემოემატა“.
შუახევის მუნიციპალიტეტის მერის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა. მოსახლეობაში დაგროვილია რიგი მნიშვნელოვანი სამართლებრივი პრობლემები და უფასო კონსულტაციის მიღება ამ პრობლემების მოგვარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი პრეზენტაციით „მიწისა და უძრავი ქონების რეგისტრაციის შესახებ“ მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია იმ დღესდღეობით რეგიონისთვის აქტუალური საკითხის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი, სამართლებრივად სწორად დაირეგისტრირონ უძრავი ქონება.ამომწურავი პასუხები გაეცა ადგილობრივებისათვის საინტერესო სამართლებრივ კითხვებს.
აღსანიშნავია, რომ შუახევში მცხოვრები 15 000 ადამიანიდან თითქმის ნახევარი გადახდისუუნარო პირია. ისინი იურიდიული დახმარების სამსახურის ბენეფიციარები არიან.
იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.
დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სამსახურის 12 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი ფუნქციონირებს.
16 ივლისიდან, შუახევში ამოქმედდა იურიდიული დახმარების სამსახურის მე-9 საკონულტაციო ცენტრი.