Top
ონლაინ დახმარება

 

პანკისის ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნა

ივნისის თვიდან პანკისის ხეობის 17 სოფლის მცხოვრებნი უფასო იურიდიული მომსახურებით ისარგებლებენ. ისინი სამართლებრივ დახმარებას ხეობიდან გაუსვლელად, სოფელ დუისში, იურიდიული დახმარების სამსახურის ახლადგახსნილ საკონსულტაციო ცენტრში მიიღებენ. ადგილზე საკონსულტაციო ცენტრის გახსნით იურიდიული დახმარება უფრო ხელმისაწვდომი იქნება ხეობის მოსახლეობისთვის.

პირველ ეტაპზე პანკისელებს ერთი იურისტი მოემსახურება, შემდგომში საკონსულტაციო ცენტრს კიდევ ერთი იურისტი დაემატება. 

ისინი ადგილობრივებს გაუწევენ ისეთ დახმარებას, როგორიცაა: იურიდიული კონსულტაცია ნებისმიერ სამართლებრივ საკითხზე, სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა, საადვოკატო მომსახურება და წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გახსნის ცერემონიაზე მოსულ ადგილობრივებს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, დუისის საკონსულტაციო ცენტრის იურისტი, ნანა გელდიაშვილი, წარუდგინა.

 რაჟდენ კუპრაშვილი (იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი): „იურიდიული დახმარების სამსახური თანდათანობით ზრდის სერვისების ტერიტორიულ ხელმისაწვდომობას, რაც გულისხმობს ახალი ოფისების გახსნას, განსაკუთრებით იმ დასახლებებში, სადაც პოტენციური ბენეფიციარების რიცხვი მრავლადაა. ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, კვალიფიციური იურისტებისგან მიიღოს კონსულტაციები, იურიდიული დახმარება და სამართლებრივად გადაჭრან მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები. 
ქალბატონ ნანას საადვოკატო საქმიანობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ის არის პროფესიონალი ჩვენს სფეროში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს გუნდს ასეთი კვალიფიციური ადვოკატი შემოემატა“.

საკონსულტაციო ცენტრის გახსნის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო, სასამართლო ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები. მათი შეფასებით, ხეობაში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის გახსნა დროული და მნიშვნელოვანი მოვლენაა: 

დავით მათიკაშვილი (საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე): „ვულოცავ მთელ ხეობას და აქ მცხოვრებ ადამიანებს ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. პირველ რიგში, ადამიანი დიდ ღირებულებას წარმოადგენს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ისეთი ოფისის გახსნა, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლებრივ სივრცეში მოსახლეობის სრულ ინტეგრირებას“.

ირაკლი ქადაგიშვილი (კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული):„ძალიან მნიშვნელოვანია პანკისში საკონსულტაციო ცენტრის გახსნა. პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად. კარგია, რომ სხვადასხვა იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შესაძლოა  ადგილობრივების ყოფით ცხოვრებაში წარმოიშვას, ადგილზევე მიიღებენ კვალიფიციურ იურიდიული დახმარებას. ეს ხელს შეუწყობს არა მარტო სამართლებრივი მომსახურეობის დონის ამაღლებას, არამედ თავად პანკისის ხეობის მოსახლეობის ინტეგრაციას საერთო სამართლებრივ და სამოქალაქო სივრცეში“.
იურიდიული დახმარების საკონსულტაციო ცენტრის გახსნამ ადგილობრივები გაახარა. მათი შეფასებით, ეს არის დროული და სწორი გადაწვეტილება იურიდიული დახმარების სამსახურის მხრიდან, ვინაიდან სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემას ხეობიდან გაუსვლელად, ადგილობრივი იურისტის დახმარებით მოაგვარებენ. 

ნინო სვიაკაური (სოფელ დუისის საჯარო სკოლის დირექტორი):„ზოგადად ხეობაში აუცილებელი და საჭიროა ასეთი სამსახურის არსებობა. პირველ რიგში, ხეობაში ცხოვრობენ ლტოლვილები, ასევე არიან ოჯახები, რომლებსაც მოსაწესრიგებელი აქვთ საბუთები, დასარეგისტრირებელი გვაქვს მიწებიც. პირადად მე, როგორც სკოლის დირექტორს, ხშირად მაქვს მოსაწესრიგებელი სხვადასხვა დოკუმენტი, რასაც აქამდე ადგილზე ვერ ვახერხებდი. დღეიდან ყველაფერი გამიადვილდება, ხეობიდან გაუსვლელად მივიღებ კონსულტაციას. როგორც რიგითი მოქალაქე, ძალიან გახარებული ვარ დუისში იურიდიული დახმარების სამსახურის ოფისის გახსნით“. 

20 ივნისს ასევე აღინიშნება ლტოლვილთა საერთაშორისო დღე. ამასთან დაკავშირებით, ყვარელწყლის საზოგადოებრივ ცენტრში წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია თემაზე  „თავშესაფრის მაძიებელთა, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა“. 

გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სოფელ დუისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც ადგილობრივმა მოსახლეობამ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორთან ისაუბრა საკუთარი სამართლებრივი პრობლემების შესახებ. რაჟდენ კუპრაშვილმა მათ კონსულტაცია გაუწია სხვადასხვა საკითხზე. 

გაირკვა, რომ პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობას აინტერესებთ საოჯახო და მემკვიდრეობითი,  უძრავ და მოძრავ ქონებასთან დაკავშირებული დავები, მხარდაჭერის მიმღები პირისათვის მხარდამჭერის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

იურიდიული დახმარების სამსახური უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი სახელმწიფო ორგანიზაციაა. იურიდიული კონსულტაცია ხელმისაწვდომია ყველა პირისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ხოლო გადახდისუუნარო პირებისათვის ხორციელდება სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა და საადვოკატო მომსახურების გაწევა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით იურიდიული დახმარების სამსახურის 12 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი მოქმედებს. იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებში დამატებით ამოქმედდება იურიდიული დახმარების სამსახურის 2 ბიურო და 8 საკონსულტაციო ცენტრი.