Top
ონლაინ დახმარება

 

თავშესაფრის მაძიებელთა დროებითი განთავსების ცენტრში შეხვედრა გაიმართა

10 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ შეხვედრა გამართა მარტყოფის მიმღები ცენტრის თანამშრომლებთან. შეხვედრა განხორციელდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან ერთად.

როგორ ცნობილია, იურიდიული დახმარების სამსახური არის გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის წევრი ორგანიზაცია. აღნიშნულმა კომისიამ  შეიმუშავა 2018-2020 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, რომლის ფარგლებში სამი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი აქტივობა განხორციელდება.

კონსულტანტმა თამარ კაპანაძემ თავშესაფრის თანამშრომლებს წარუდგინა პრეზენტაცია, რომელშიც ასახულია, თუ რა ითვლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობად, რა სამართლებრივი დაცვის გარანტიები არსებობს მსხვერპლისთვის და ვის უნდა მიმართოს მსხვერპლმა/სავარაუდო მსხვერპლმა, თუ  ასეთი სახის ძალადობას აქვს ადგილი.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა ხანგრძლივი დისკუსია. შეხვედრის მონაწილეებმა დასვეს  კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე, რაზეც იურიდიული დახმარების სამსახურის კონსულტანტისაგან  მიიღეს ამომწურავი პასუხები.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს/სავარაუდო მსხვერპლებს, საკუთარი უფლებების დასაცავად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ იურიდიული დახმარების სამსახურის  როგორც პირადი, ასევე, სატელეფონო/ონლაინ კონსულტაციის სერვისებით (ცხელი ხაზი: 292 00 55, www.legalaid.ge, Skype:legalaid.ge, Facebook:legalaid.ge).
გარდა ამისა, დახმარების მისაღებად  24 საათის განმავლობაში შესაძლებელია დარეკვა სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზის ნომერზე: +995 32 116 006 ან 112; ცხელ ხაზზე დაკავშირება ნებისმიერი ქსელიდან უფასოა.