Top
ონლაინ დახმარება

 

მეტი ინფორმაცია – მეტი დაცულობა

იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის  ბიუროს წარმომადგენლები განაგრძობენ შეხვედრებს მოსახლეობის ჯგუფებთან, რათა სამართლებრივი დახმარება  ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის.  ასევე მნიშვნელოვანია თანამშრომლობა  ორგანიზაციებთან, რომლებიც  სხვადასხვა სოციალური საჭოროების მქონე ადამიანების პრობლემატიკაზე მუშაობენ. 

აპრილის ბოლოს ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროის ადვოკატები სოფიო ყუბანეიშვილი და ბელა ჭყონია სამტრედიის შშმ პირთა დღის ცენტრ „ლამპარის“ თანამშრომლებსა და ბენეფიციართა წარმომადგენლებს (მშობლებს) შეხვდნენ.  საზოგადოებრივმა ადვოკატებმა  ისაუბრეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობისა და მისი სერვისების შესახებ.  შეხვედრის მონაწილეები დაინტერესდნენ, თუ რა პრინციპით ხდება სამსახურის მიერ საქმის წარმოებაში მიღება. საუბარი შეეხო ფსიქო–სოციალური საჭიროების მქონე  პირთა უფლებათა დაცვას, მათთვის საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის კრიტერიუმებს, არასრულწოვანთა ინტერესების დაცვასა და მშობელთა უფლება–მოვალეობებს. საუბარში მონაწილეობდა ა(ა)იპ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“  წარმომადგენელი. ბენეფიციარებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

ფსიქო–სოცილური საჭიროების მქონე პირთა უფლებები იყო მთავარი საკითხი ლექციაზეც, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის იმერეთის–ქუთაისის ბიუროს ადვოკატმა სოფიო ყუბანეიშვილმა  საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში შეკრებილი სტუდენტებისთვის წაიკითხა.  ლექცია მოიცავდა საკანონმდებლო ცვლილებებს, სამოქალაქო საქმეთა განხილვის თავისებურებებს, ფსიქო–სოციალური სასამართლო ამბულატორიული ექსპერტიზის ჩატარების წესებს  და ა.შ სტუდენტების აქტიურმა ჩართულობამ ცხადყო, რომ დიდია ახალგაზრდების ინტერესი სამართლებრივი საკითხების მიმართ. 

იურიდიული დახმარების სამსახური გეგმავს ინტენსურად განაგრძოს საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან, რათა თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს -  ვის და სად მიმართოს თუ მას სამართლებრივი დახმარება დასჭირდება.