25 აპრილს „იურიდიული დახმარების სამსახურს“ სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ წარმომადგენლები ეწვივნენ. შეხვედრის მიზანი იყო აღნიშნულ უწყებებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.
როგორც ცნობილია, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახური“ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ კონსულტაციასა და იურიდიულ დახმარებას ადამინით ვაჭრობის(ტრეფიკინგის) და სექსუალური ძალადობის არასრულწლოვან მსხვერპლთა, დაზარალებულთა, ასევე, ქალთა მიმართ ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით. ხოლო სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ მხრიდან კი უზრუნველყოფილია ბენეფიციარების ფსიქო–სოციალური რეაბილიტაცია, პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ცხელი ხაზი, თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლისთვის, კრიზისული ცენტრის მომსახურება და ა.შ.
„იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა მელიტონ ბენიძემ და „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ აღნიშნეს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), სექსუალური ძალადობა ნამდვილად არის ჩვენი საზოგადოების პრობლემა და აუცილებელია სხვადასხვა უწყების მხრიდან ჩატარდეს კოორდინირებული და ეფექტიანი სამუშაოები აღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს აღმოუჩენენ სათანადო დახმარებას ძალადობის მსხვერპლის, დაზარალებულის დაცვისა და დახმარებისთვის საჭირო მომსახურების ფარგლებში. მოხდება ბენეფიცირების გადამისამართება ორივე მიმართულებით – მათივე საჭიროებიდან გამომდინარე.
ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი აღნიშნულ უწყებებს შორის პირველად 2015 წელს გაფორმდა და მას შემდეგ არაერთ ადამიანს გაეწია სათანადო დახმარება.