22-25 აპრილს, იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტარდება 2 ტრენინგი, რომელიც ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და, ასევე, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალს ეხება. ამით სრულდება GIZ-ის მხარდაჭერით ორგანიზებული სწავლების ციკლი, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავებას ითვალისწინებდა.
აღნიშნული ციკლის ფარგლებში სულ 4 ტრენინგი იყო დაგეგმილი. მარტის თვეში ჩატარდა ორი ტრენინგი, რომლებზეც პირველი ინსტანციის სასამართლოებში სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეების წარმოება განიხილეს.
სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროებში თანამშრომელთა დატრენინგება უკავშირდება სამართლის ამ დარგებში იურიდიული დახმარების გაფართოებას, რაც 2015 წლის 15 აპრილიდან განხორციელდა.
გაფართოებული მანდატის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურმა გადახდისუუნარო პირების სასამართლო წარმომადგენლობა დაიწყო საოჯახო და სამემკვიდრეო დავებზე, ასევე სოციალური დაცვის საკითხებზე.