Top
ონლაინ დახმარება

 

გაერო-ს წევრები იურიდიული დახმარების სისტემების განვითარებაზე თანხმდებიან

გაერო-ს წევრი სახელმწიფოები მიისწრაფვიან არსებული პოლიტიკის რეფორმირებისაკენ, რათა გადახდისუუნარო პირებისათვის სისხლის სამართლის საქმეებზე გაიზარდოს იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, გაეროს გენერალური ასამბლეის  67/187 რეზოლუციით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით. ეს აღნიშნულია გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-13 კონგრესის დასკვნით დეკლარაციაში, რომელიც 19 აპრილს ქალაქ დოჰაში მიიღეს.

2012 წელს, გენერალური ასამბლეის  67/187 რეზოლუციით, დამტკიცდა „გაეროს პრინციპები და სახელმძღვანელო წესები სისხლის სამართლის სისტემებში იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ“. ეს არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც გაერო-ს ყველა წევრი-სახელმწიფოსთვის ადგენს ძირითად პრინციპებსა და ინსტრუქციებს, სისხლის სამართლის საქმეებზე, სოციალურად დაუცველი და სხვა სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისათვის, ეფექტური იურიდიული დახმარების გაწევის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

ამ რეზოლუციის მიღების ინიციატორი, სხვა ქვეყნებთან ერთად, გახდა საქართველოც, რომელიც წარმატებით ავითარებს იურიდიული დახმარების საკუთარ სისტემას. ამავდროულად საქართველო აქტიურადაა ჩართული საერთაშორისო ძალისხმევაში, რომელიც გლობალური მასშტაბით იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ითვალისწინებს.  ამ მხრივ, დოჰას დეკლარაციაში გენერალური ასამბლეის  67/187 რეზოლუციის პრინციპების ასახვა კიდევ ერთი მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.

გაეროს დანაშაულის პრევენციისა და სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მე-13 კონგრესი ქალაქ დოჰაში ამა წლის 12-19 აპრილს მიმდინარეობდა. მას 149 ქვეყნის 4000-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. საქართველო კონგრესზე იუსტიციის მინისტრმა წარმოადგინა.