საქართველოს პარლამენტი აგრძელებს იურიდიული დახმარების სამსახურის წლიური ანგრიშის განხილვას. 17 მარტს, მეორე საკომიტეტო მოსმენა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაიმართა. სხდომას, პარლამენტართა გარდა, იურიდიული დახმარების საბჭოს წევრები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ერთი კვირით ადრე, ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოისმინა.
სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ შეაჯამა განვლილი წელი და დეპუტატებს მიაწოდა ინფორმაცია გაწეული იურიდიული დახმარების, ასევე სამსახურში განხორციელებული ინსტიტუციური რეფორმების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელთა საფუძველზეც, 2014 წელს, იურიდიული დახმარების სამსახური დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. გარდა ამისა, საკანონმდებლო ცვლილებებით, 2015 წლის 15 აპრილიდან, უფასო საადვოკატო მომსახურება არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც განხორციელდება.
საპარლამენტო განხილვის ფარგლებში, ორი საკომიტეტო მოსმენის გარდა, დაგეგმილია ანგარიშის განხილვა პლენარულ სხდომაზე. კანონის თანახმად, სამსახურის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი დადგენილებით მოიწონებს მას, ან სამსახურს მიმართავს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრის მოთხოვნით.
იურიდიული დახმარების სამსახური 2007 წელს შეიქმნა და წლების განმავლობაში აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ფუნქციონირებდა. 2014 წელს სამსახურის სტატუსი შეიცვალა. იგი გამოვიდა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან, დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა და გახდა ანგარიშვალდებული საქართველოს პარლამენტის წინაშე.
###