Top
ონლაინ დახმარება

 

ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით არსებული პრობლემები განიხილეს

18 თებერვალს, საია-ს ზუგდიდის ოფისში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელიც დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხებს მიეძღვნა. შეხვედრა ორგანიზებული იყო საია-ს მიერ და მას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, გუბერნატორის, სახალხო დამცველის, იურიდიული დახმარების სამსახურის, დევნილთა სამმართველოს, აფხაზეთის მთავრობის, ევროკავშირის, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, წითელი ჯვრისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საუბარი წარიმართა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:  საცხოვრებელი ფართის დაკმაყოფილებაზე დევნილთათვის უარის თქმის გასაჩივრების საფუძვლები; კომისიის მიერ ქულების მინიჭების პროცედურები; საცხოვრებელი ფართის მიმღებთა სოციალური მდგომარეობის კრიტერიუმები; დევნილთა ყოფითი პირობები კომპაქტურ ჩასახლებებში და სხვა.

შეხვედრის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდის ბიუროს უფროსმა, რომან კეიდიამ, და ბიუროს კონსულტანტმა, ნინო მინჯიამ, საზოგადოებას დევნილთა პრობლემების კუთხით თავიანთი გამოცდილება გააცნეს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, იურიდიული დახმარების სამსახურის ზუგდიდისა და ფოთის ბიუროებმა, გასულ წელს, 2200-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ პირს გაუწიეს იურიდიული კონსულტაცია.