ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხუთმა სტუდენტმა დაასრულა 3-თვიანი სტაჟირების პროგრამა, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ბაზაზე მოქმედი იურიდიული კლინიკის ფარგლებში ხორციელდებოდა.
3 თებერვალს, სტაჟირების დასკვნით ეტაპზე, სტუდენტებმა იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. პროცესი ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით წარიმართა. დაცვის და ბრალდების გუნდებად დაყოფილმა სტაჟიორებმა განიხილეს მკვლელობის საქმე და წარმოაჩინეს სისხლის სამართლის საქმეზე მუშაობის უნარ-ჩვევები. პროცესი გამამტყუნებელი ვერდიქტის გამოტანით დასრულდა.
იურიდიული კლინიკის პროექტის ფარგლებში, ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გაირეს თეორიული მომზადების კურსი, ასევე უშუალოდ იყვნენ ჩართულნი რეალურ სისხლის სამართლის საქმეებში - კერძოდ, ხვდებოდნენ დასაცავ პირებს და ამზადებდნენ იურიდიულ დოკუმენეტებს.
ქუთაისის გარდა, იურიდიული კლინიკის პროექტი თბილისის, გორისა და ბათუმის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება.