Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების სამსახურის განცხადება მოსამართლის დამამცირებელ მიმართვაზე საზოგადოებრივი ადვოკატის პროფესიონალიზმის შესახებ

2017 წლის 22 დეკემბერს,  სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატს, სოფიო გოგლიჩიძეს, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, საასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიმართა არაკორექტულად.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური შეშფოთებას გამოთქვამს  აღნიშნული ფაქტის გამო. მიგვაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული საქციელი სამოსამართლო ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა.

საზოგადოებრივი ადვოკატი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის და პროფესიული ეთიკის ნორმებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს, გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ხოლო, ბრალდებულის დაცვის უფლების, ბრალდებულის სათანადო სამართლებრივი დახმარების უფლების და ადვოკატის მიერ საადვოკატო საქმიანობის კვალიფიციურად განხორციელების ფარგლებში, ადვოკატი ვალდებულია თითოეული საქმის მასალები სრულყოფილად შეისწავლოს. საქმე, რომლის არსებითი განხილვის დროს ადგილი ჰქონდა მოსამართლის მხრიდან ადვოკატისადმი შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ მიმართვას და ადვოკატის პროფესიონალიზმის ეჭვის ქვეშ დაყენებას,  არის მოცულობითი და მისი მასალების სრულყოფილად გაცნობა მოითხოვს შესაბამის გონივრულ დროს.

სასამართლოს მხრიდან არაკორექტული მიმართვა ადვოკატისადმი, ხელს უწყობს ადვოკატთა კორპუსის, როგორც მართლმსაჯულების სისტემაში შემავალი ერთ–ერთი უმთავრესი რგოლის ინსტიტუციურ დისკრედიტაციას.

იურიდიული დახმარების სამსახური მოუწოდებს მართლმსაჯულების წარმომადგენლებს, პატივი სცენ ადვოკატების საქმიანობას  და დაიცვან პროფესიული ეთიკის ნორმები.