Top
ონლაინ დახმარება

 

იურიდიული დახმარების ხარისხის უზრუნველყოფის თაობაზე მსჯელობა გაიმართა

როგორი უნდა იყოს სისტემა, რომელიც სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გაწეული იურიდიული დახმარების ხარისხის მონიტორინგს უზრუნველყოფს, – ამაზე იმსჯელეს იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა მრგვალ მაგიდაზე, რომელიც 5 ნოემბერს, თბილისში, სასტუმროში „ამბასადორი“ გაიმართა. ღონისძიება ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

მრგვალ მაგიდას უძღვებოდა ბრიტანელი მეცნიერი – ალან პატერსონი, რომელიც სტრეტკლაიდის უნივერსტიტეტის სამართლებრივი სწავლების ცენტრს ხელმძღვანელობს. მან ვრცლად ისაუბრა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებზე, კერძოდ, ე.წ. Peer review-ს მეთოდოლოგიაზე, რომელიც მეშვეობითაც ადვოკატების მიერ მიწოდებული სერვისის ხარისხი მათივე კოლეგა იურისტების მიერ მოწმდება. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს იმ კრიტერიუმებზე, რომლებითაც შესაძლებელი იქნება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარისხის შეფასება.

საქართველოს მოქალაქეებს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე უფასო საადვოკატო მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა 2015 წლიდან მიეცა, როდესაც „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები ამოქმედდა. მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი ხელს შეუწყობენ იურიდიული დახმარების სამსახურს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებასა და დანერგვაში.

აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან იურიდიული დახმარების სამსახურმა ხარისხის მონიტორინგის პილოტური სისტემა სისხლის სამართლის სფეროში გაწეულ მომსახურებაზეც დანერგა.