Top
ონლაინ დახმარება

 

უფასო იურიდიული დახმარების მიწოდებაში ჩართული ადვოკატებისთვის ორწლიანი სასწავლო პროგრამა დაიწყო

მტკიცებულებათა მოპოვების თემაზე თბილისში ორგანიზებული ტრენინგით დაიწყო დღეს ორწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც განკუთვნილია უფასო იურიდიული დახმარების მიწოდებაში ჩართული ადვოკატებისთვის. სასწავლო პროგრამა მოიცავს 40–მდე სხვადასხვა თემაზე დაგეგმილ 150–ზე მეტ ტრენინგს, რომელიც, 2016–2017 წლებში, გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება.

სწავლების თემატიკა განისაზღვრა გამოკითხვით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურში მომუშავე ადვოკატებმა, ასევე – კერძო საადვოკატო პრაქტიკის მქონე იმ იურისტებმა, რომლებიც, საბიუჯეტო ანაზღაურების ფარგლებში, მოქალაქეებს უფასო მომსახურებით უზრუნველყოფენ. სასწავლო პროგრამა ხორციელდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობით და მონაწილე ადვოკატებს, განგრძობადი იურიდიული განათლების მოთხოვნათა შესაბამისად, კრედიტები მიენიჭებათ.

სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი უფასო იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესებას. ეს ერთ–ერთი პრიორიტეტია გაეროს ორი სააგენტოს, UNDP–ისა და UNICEF-ის, ერთობლივი პროექტისა, სახელწოდებით – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“. გაეროს ერთობლივი პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.