იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები და კონსულტანტები ესწრებიან ლტოლვილთა კანონმდებლობის საკითხებზე ორგანიზებულ ერთდღიან გაძლიერებულ ტრენინგს, რომელიც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მხარდაჭერით ტარდება. სწავლებას UNHCR-ის და UNAG–ისექსპერტები უძღვებიან.
ტრენინგის ფარგლებში, განიხილება შემდეგი საკითხები: რასა, რელიგია, ეროვნება, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილება და პოლიტიკური შეხედულებები – როგორც დევნის საფუძველი; ლტოლვილის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის კვლევა–ძიება; ლტოლვილის დაბრუნება წარმოშობის ქვეყანის უსაფრთხო რეგიონში – როგორც ალტერნატივა; ლტოლვილთა დაცვის საკითხებში საერთაშორისო და ეროვნული პრეცენდენტული სამართალი.
ეს რიგით მეორე ტრენინგია, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის წელს ლტოლვილთა სამართლებრივი დაცვის საკითხებზე ტარდება. პირველი ტრენინგი ჩატარდა მიმდინარე წლის იანვარში, იმ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებისთანავე, რომლებიც უფლებას აძლევს საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ უცხოელს, ისარგებლოს უფასო საადვოკატო მომსახურებით, თუკი სასამართლო განიხილავს მის მიმართ თავშესაფრის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭება–შეწყვეტის საკითხებს.
იანვრიდან–მაისის ჩათვლით, უფასო საადვოკატო მომსახურების მისაღებად იურიდიული დახმარების სამსახურს 80–მა თავშესაფრის მაძიებელმა მიმართა.