13-15 ივლისს, ბორჯომში, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით, ჩატარდა იურიდიული დახმარების საბჭოს გაფართოებული სხდომა, რომელსაც საბჭოს წევრებთან ერთად სამსახურის ადმინისტრაციის, ბიუროების წარმომადგენლები დაესწრნენ. ასევე, მოწვეული ექსპერტები, რომლებიც სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობენ.
შეხვედრა გახსნა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, რაჟდენ კუპრაშვილმა, რომელმაც ისაუბრა USAID–სა და სამსახურს შორის მჭიდრო თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე. მისასალმებელი სიტყვით დამსწრე პირებს მიმართა სამართლის უზენაესობის პროგრამის ხელმძღვანელმა ბატონმა გიორგი ჩხეიძემ, რომელმაც ისაუბრა, ორგანიზაციის განვითარების გზასა და მიღწევებზე, ასევე იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის ასპექტებზე.
წარმოდგენილი იქნა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემის (CASE BANK ) ანგარიშის პრეზენტაცია, რომელშიც განხილული იყო ქეის ბანკის მუშაობის პრინციპები, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნაწარმოები საქმეების სტატისტიკური მონაცემები. გარდა ამისა, მოწვეულმა ექსპერტმა დამსწრე პირებს წარმოუდგინა ILF - ის პრეზენტაცია იურიდიული დახმარების გაწევის პრინციპების თაობაზე.
იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნინო მელაძემ დამსწრე პირებს წარუდგინა პრეზენტაცია იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების ხარისხის შეფასების წესისა და კრიტერიუმების შესახებ. მონაწილეებმა ისაუბრეს სამსახურის რეგიონულ გამოწვევებზე: უფასო სამართლებრივი დახმარების სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, ბენეფიციარებისათვის ადამიანზე მორგებული სერვისების შეთავაზების შესახებ. ასევე სხვადასხვა მიმართულების კველევებზე, რომელთა ჩატარება აუცილებელია სამსახურის შემდგომი განვითარების კონკრეტული გეგმების დასახვისათვის.
შეხვედრის ბოლო დღეს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა შეაჯამა ის საკითხები, რომლებიც სხდომის ფარგლებში იქნა განხილული. ისაუბრა მიმდინარე წლის გეგმებზე, მათ შორის სასწავლო ცენტრისა და ანალიტიკური სამმართველოს განვითარებაზე, პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც სამსახური 2022 წელს აპირებს.
მოწვეულმა ექსპერტმა ალან დალიმ აღნიშნა, რომ შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურში დეტალურად არის მოწესრიგებული ის ათი სტანდარტი, კრიტერიუმი, რომლის მეშვეობით ფასდება ხარისხიანი მომსახურება. სხდომის დასასრულს, დაისვა კითხვები, გაიმართა დისკუსია განხილულ საკითხებთან დაკავშირებით.