Top
ონლაინ დახმარება

 

რუსთავის 28-ე საჯარო სკოლაში იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდა

3 მაისს, რუსთავის 28-ე საჯარო სკოლაში  იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ბრალდების მხარეს იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციის წარმომადგენლები -დავით სიმონია და ნანო ვაჭარაძე, ხოლო  დაცვის მხარეს კი თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები - ოლღა გეჯაძე და ლედი კორძაძე წარმოადგენდნენ. წარდგენილ ბრალს, განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. „ნაფიცები“ ძირთადად აღნიშნული სკოლის მე-10 და მე-11 კლასელები იყვნენ. 

მათ ყურადღებით მოუსმინეს ორივე მხარეს, დასვეს შეკითხვები, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და საბოლოოდ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად,  გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

მოსწავლეთა სრულმა უმრავლესობამ აღნიშნა, რომ  პირველად დაესწრნენ სასამართლო პროცესს.  მიმდინარე საქმე მათთვის ძალზე საინტერესო აღმოჩნდა  და განხილვაში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. შესაბამისად, თუ ოდესმე მართლაც მოუწევთ მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში, აღნიშნული გამოცდილება ძალაინ გამოადგებათ.

აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.

ღონისძიება განხორციელდა იურიდიული დახმარების სამსახურის სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო კამპანიის - მოძრაობა "ვაქციოთ კანონი ყველასათვის ხელმსაწვდომი" ფარგლებში მიმდინარე პროექტის "იცოდე შენი უფლება 18 წლამდე" ეგიდით.