29 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთისა და ქუთაისის ბიუროებმა დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში გასვლითი კონსულტაციები გამართეს.
მცხეთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატები წეროვნის კომპაქტურ დასახლებას ეწვივნენ და იძულებით გადაადგილებულ პირებს ადგილზე გაუწიეს კონსულტაცია. დასახლებაში ვიზიტისას, გაირკვა, რომ მიმდინარეობს დევნილების ხელახალი აღრიცხვა და მათთვის გადაცემული კოტეჯების კანონიერების შემოწმება. ამ პროცესში, ბევრ დევნილს დროებით შეუჩერდა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი, რამაც მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა. დევნილებთან გასაუბრების შემდეგ, საზოგადოებრივი ადვოკატები ახალგორის გამგებელს შეხვდნენ და აღნიშნული პრობლემები მასთან ერთად განიხილეს. დევნილებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები.
ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებმა გასვლითი კონსულტაცია ქუთაისში, ხარებავას ქუჩაზე არსებულ დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში გამართეს. იძულებით გაადაადგილებულ პირებს გაეწიათ კონსულტაცია დევნილთა კანონმდებლობის, სოციალური დახმარების, ადგილობრივი თვითმმართველობის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლა უფლებების და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები მსგავს ღონისძიებებს პერიოდულად მართავენ. დევნილთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და მათთვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სამსახურის პრიორიტეტს წარმოადგენს.