Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატ დავით გოგუას დახმარებით, ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა

იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიუროს ადვოკატის, დავით გოგუას დახმარებით, ბრალდებულ მოგელი ყ.–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა.

მოგელი ყ.–ს ბრალი ედებოდა სსსკ–ს 265–ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით) ჩადენაში და ემუქრებოდა თავისუფლების აღკვეთა 6–დან 12 წლამდე ვადით. ფოთის საქალაქო სასამართლოს მას აღკვეთი ღონისძიების სახით  პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატმა დავით გოგუამ გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა ბრალდებულის მიმართ 3000 ლარიანი გირაოს გამოყენება, რასაც ასაბუთებდა იმით, რომ ბრალდებულმა ითანამშრომლა პოლიციასთან, აღიარა და მოინანია საკუთარი დანაშაული, ასევე ის არ იყო ნასამართლები. გარდა ამისა, ბრალდებული იყო სოციალურად დაუცველი და მარტო ზრდიდა თავის მცირეწლოვან შვილს. ბრალდების მხარემ ვერ შეძლო წარმოედგინა კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებიც მიუთითებდა ბრალდებულის მოსალოდნელი მიმალვის საფრთხეზე. შედეგად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატის მოთხოვნა, გააუქმა პატიმრობა, მოგელი ყ.–ს შეუფარდა გირაო 5000 ლარის ოდენობით და გაათავისუფლა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

რამდენიმე დღის შემდეგ, ფოთის შსს–ს საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა მოგელი ყ.  გადაიყვანეს ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ–ერთ ცენტრში, რამაც ეჭვქვეშ დააყენა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის საკითხი. იურიდიული დახმარების სამსახურმა უზრუნველყო მოგელი ყ.–სთვის სტაციონარული სასამართლო–ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ის დაავადებული იყო ორგანული ჰალუციონიზმით და დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა შეურაცხად მდგომარეობაში. ამის გათვალისწინებით, ადვოკატმა დავით გოგუამ შუამდგომლობით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოგელი ყ.–ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით მისი ექვსი თვის ვადით ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მოთავსების მოთხოვნით. სასამართლომ გაიზიარა ადვოკატის პოზიცია და მისი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.