იურიდიული დახმარების სამსახურის ფოთის ბიუროს ადვოკატის, დავით გოგუას, ძალისხმევით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობასა და მკლელობაში ბრალდებული ორი პირი სასამართლოს მიერ სრულად გამართლდა.
ორივე ბრალდებული მრავალი წლის მანძილზე, თავს არიდებდა სამართალდამცავ ორგანოებში გამოცხადებას და იმყოფებოდა მიმალვაში. სავალდებულო დაცვის ფარგლებში, მათ იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი დაენიშნათ.
დათო ნ.–ს ბრალი ედებოდა 1993 წელს, დაუდგენელ პირებთან ერთად, ჩადენილ ყაჩაღობაში და სასჯელის სახით 6–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ზვიად მ.–სთვის წარდგენილი ბრალდების თანახმად კი, მან, 2003 წელს, ორ თანამზრახველთან ერთად, ჩაიდინა ყაჩაღობა, რა დროსაც, დაზარალებულს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ზვიად მ.–ს 10–დან 20 წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთა ემუქრებოდა.
ორივე საქმე გამოირჩეოდა ბრალდებულთა მამხილებელი მტკიცებულებების სისუსტით. სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარემ სასამართლოს ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მოწმეთა ჩვენებები არ იყო თანმიმდევრული, შეიცავდა ურთიერთაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს. არ არსებობდა არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფთა ბრალეულობას დაადასტურებდა. შესაბამისად, ადვოკატმა დავით გოგუამ დათო ნ.–ის და ზვიად მ.–ის გამართლება მოითხოვა.
საბოლოოდ, ორივე სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაცვის მხარის გამარჯვებით დასრულდა და სასამართლომ დათო ნ.–სა და ზვიად მ.–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენები დაადგინა.