იურიდიული დახმარების სამსახურის თბილისის ბიუროს ადვოკატის, თეა ყაულაშვილის, დახმარებით, მოქალაქე მ.ხ., რომელიც ერთი თვის მანძილზე უკანონოდ ჰყავდათ მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სტაციონარიდან გათავისუფლდა.
მ.ხ. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მეზობლებთან წარმოქმნილი კონფლიქტის შედეგად აღმოჩნდა. ბინისა და ავტოფარეხის ფართზე მეზობლებს შორის დაწყებული დავა იმდენად გამწვავდა, რომ მ.ხ.–მ, თავის დაცვის მიზნით, საპატრულო პოლიცია გამოიძახა. თუმცა, თავის მიერვე გამოძახებულმა პოლიციელებმა იგი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანებით კი, მ.ხ., არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, სტაციონარში მოთავსდა.
საზოგადოებრივი ადვოკატი, თეა ყაულაშვილი, თავიდანვე არ ეთანხმებოდა მ.ხ.–ის იძულებით მოთავსებას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, ამიტომ მან საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა.
საჩივარში, ადვოკატი აღნიშნავდა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეესაბამებოდა არც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არც „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონის მიზნებს. თეა ყაულაშვილის თქმით, მ.ხ.–ს სტაციონარში იძულებითი მოთავსება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა დასაშვები, თუკი პაციენტს არ ექნებოდა გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი; თუ დახმარების დაყოვნება საფრთხეს შეუქმნიდა პაციენტის ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ან პაციენტს საკუთარი მოქმედებით შეიძლება მიეღო ან სხვისთვის მიეყენებინა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. მოცემულ შემთხვევაში კი, მ.ხ.–ის სტაციონარში მოსათავსებლად, არცერთი პირობა არ არსებობდა. გარდა ამისა, საქმის განხილვაში მონაწილე მ.ხ.–ის ძმა განმარტავდა, რომ თავის დასა და მის მეზობლებს შორის კონფლიქტი დიდი ხნის მანძილზე გრძელდებოდა, და არ გამორიცხავდა, რომ მ.ხ.–ის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მეზობლების შურისძიების სურვილით იყო მოტივირებული. საგულისხმოა, რომ პაციენტი გამოთქვამდა მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში სახლის პირობებში ემკურნალა, რაც მისთვის დასმულ დიაგნოზსაც შეესაბამებოდა.
საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ადვოკატ თეა ყაულაშვილის პოზიცია და ფსიქიატრიულ დაწესებულებას მ.ხ.–ის სტაციონარიდან დაუყოვნებლივ გაწერა დაავალა. მ.ხ.–ს ასევე განემარტა, რომ სტაციონარში იძულებითი მკურნალობის გამო, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აქვს.