25 ნოემბერს, ქ. გორში, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები სტაჟირებას გაივლიან გორის იურიდიული დახმარების ბიუროში, სადაც მენტორი-ადვოკატების ზედამხედველობით დაეუფლებიან ადვოკატის პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გარდა ამისა, სტუდენტები აქტიურად ჩაერთვებიან იურიდიული დახმარების სამსახურის პროექტებში, რომელიც მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოში მოქმედი უფასო სამართლებრივი დახმარების სისტემის, იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების და მიმდინარე პროექტების შესახებ.