26 სექტემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში იმიტირებული სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელშიც ბრალდებისა და დაცვის მხარეები თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატებით იყო დაკომპლექტებული. წარდგენილ ბრალს, განზრახ მკვლელობით ჩადენილ საქმეში, „ნაფიცი მსაჯულები“ განიხილავდნენ. „ნაფიცები“ძირთადად თელაველი ახალგაზრდები იყვნენ. მათ ყურდღებით მოუსმინეს ორივე მხარეს, დასვეს უამრავი შეკითხვა, ბევრი იმსჯელეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და საბოლოოდ, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.
აღსანიშნავია, რომ „ნაფიცი მსაჯულების“ უმრავლესობა არასდროს დასწრებია სასამართლო პროცესს. მათ აღნიშნეს, რომ მიმდინარე საქმე საინტერესო აღმოჩნდა მათთვის და განხილვაში მონაწილეობით უდიდესი გამოცდილება შეიძინეს. შესაბამისად, თუ ოდესმე მართლაც მოუწევთ მონაწილეობა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესში, აღნიშნული გამოცდილება ძალაინ გამოადგებათ.
აღსანიშნავია, რომ ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც მსაჯულები და პროცესის დამსწრეები ამა თუ იმ რეგიონის მოსახლეობა უნდა იყოს, მიზნად ისახავს მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას და პოტენციურ მომზადებას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესებში რეალური მონაწილეობის მისაღებად.
იურიდიული დახმარების სამსახურის აღნიშნული პროექტი ხორციელდება სამართლებრივი ცნობიერების ასამაღლებებლი კამპანიის - მოძრაობა „ვაქციოთ კანონი ყველასთვის ხელმისაწვდომი“ ფარგლებში. იგი USAID-PROLoG–ისა და COE-ს მხარდაჭერით ხორციელდება.