27 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, 2014 წელს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში იურიდიული დახმარების საბჭოს წარუდგინა.
სამსახურის დირექტორმა შეაჯამა განვლილი წელი და მას მთლიანობაში წარმატებული უწოდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2014 წელს იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმოებაში 11 ათასამდე საქმე მიიღო. 5400-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე კლიენტისთვის ხელსაყრელი საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 201 საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა. 102 საქმე კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პირის განრიდებით დასრულდა. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა 450-ზე მეტი არასრულწლოვანი ბრალდებულის ინტერესი დაიცვეს.
2014 წელს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა ძალისხმევით, გამამართლებელი განაჩენით, 22 სისხლის სამართლის საქმე დასრულდა, რაც, სულ, ქვეყნის მასშტაბით, პირველი ინსტანციის სასამართლოში გამამართლებელი განაჩენით დასრულებული საქმეების 28.9%-ია. საზოგადოებრივი ადვოკატების დახმარებით, ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენით 18 სისხლის სამართლის საქმე დასრულდა. გარდა ამისა, იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტებმა 20-ათასზე მეტი იურიდიული კონსულტაცია გასწიეს და 3700-ზე მეტი სამართლებრივი დოკუმენტი შეადგინეს.
2014 წელი მნიშვნელოვანი იყო იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. წლის ბოლოს ოფიციალურად ამოქმედდა სამსახურის რიგით მე-18 ოფისი - საჩხერის საკონსულტაციო ცენტრი. გარდა ამისა, განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურს საშუალებას მისცემს, 2015 წლის 15 აპრილიდან, უფასო საადვოკატო მომსახურება არა მხოლოდ სისხლის სამართლის, არამედ გარკვეული კატეგორიის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზეც განახორციელოს.
მელიტონ ბენიძემ ასე ისაუბრა სხვა ღონისძიებებზეც, რომლებიც იურიდიული დახმარების ხარისხის გაუმჯობესების, საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული გადამზადების, ასევე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით განხორციელდა.