Top
ონლაინ დახმარება

 

ევროკავშირისა და გაეროს ხელშეწყობით, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებმა სწავლება გაიარეს

23 დეკემბერს დასრულდა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის ორგანიზებული ორდღიანი ტრენინგი, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში სასარჩელო განხილვის საკითხებს ეძღვნებოდა. სწავლება ჩატარდა ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.

ტრენინგს უძღვებოდა „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის“ მიერ მოწვეული ექსპერტი, კობა ბოჭორიშვილი, რომელმაც ისაუბრა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის საკითხებზე: სარჩელის შედგენასა და რეგისტრაციაზე, სარჩელის სახეებზე, განხილვის პროცედურებზე, სასამართლო ხარჯებზე, სარჩელის უზრუნველყოფის და მტკიცებულებების საკითხებზე. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა სასამართლო გადაწყვეტილებები განიხილეს და პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს.

ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, 2016 წლის ივლისიდან, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებისათვის დაიწყო ორწლიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის აქტუალურ საკითხებს მოიცავს. სწავლების თემატიკა განისაზღვრა იურიდიული დახმარების ბიუროებში მომუშავე იურისტებისა და მოწვეული საზოგადოებრივი ადვოკატების გამოკითხვის შედეგად.

მიმდინარე წელს, ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამის მხარდაჭერით, 40 ტრენინგი ჩატარდა. იურიდიული დახმარების სამსახური მჭიდროდ თანამშრომლობს „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასა“ და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ სასწავლო ცენტრთან ტრენინგ–მოდულების შემუშავებისა და სწავლების ორგანიზების საკითხზე.

ევროკავშირის და გაეროს ერთობლივი პროგრამა იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას 2017 წლსაც აქტიურად განაგრძობს.